საქართველოს პარლამენტმა გადასახადების გაზრდის და ახლის შემოღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობაზე შესაძლოა უარი თქვას
პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო განხილვების ფარგლებში გაჟღერდა მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის პროექტიდან 67-ე (მოქმედი რედაქციით 94-ე) მუხლის ამოღების შესაძლებლობის შესახებ, რომელიც მთავრობის მიერ საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან მრავალჯერ დაფიქსირდა პოზიცია საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერის შენარჩუნების თაობაზე, რაც აისახა კიდეც ინცირებულ კანონპროექტში, გაუგებარია, რამ განაპირობა მმართველი პარტიის მოსაზრებების ცვლილება. მით უფრო, რომ აღნიშნული მუხლის ამოღება ბიზნეს სექტორისა და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არაერთხელ შეფასდა ნეგატიურად.
ვფიქრობთ, რომ გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობა მთავრობის და პარლამენტის მხრიდან განსაკუთრებულ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს. მოქალაქეებს უნდა შეუნარჩუნდეთ არსებული უფლება - მიიღონ გადაწყვეტილება გადასახადის ახალი სახის შემოღებისა თუ ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ და შესაბამისად უნდა გამოირიცხოს მთავრობის მიერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, აღნიშნული ჩანაწერის ამოღება ცალსახად ნეგატიურად უნდა შეფასდეს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნეს გარემოს განჭვრეტადობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ჩანაწერის შენარჩუნება საქართველოს კონსტიტუციაში. იმედს ვიტოვებთ, პარლამენტი არ დაუჭერს მხარს აღნიშნული ჩანაწერის გაუქმებას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოაგდოება (ISFED)
საზოგადოება და ბანკები
ევროპა საქართველოსთვის
Policy and Management Consulting Group
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო