დებატები ეკონომიკურ თემებზე ბრიტანული, საპარლამენტო ფორმატით გაიმართება და მასში საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები იქნებიან ჩართული. შერჩეული მონაწილეები ოცკაციან ჯგუფებად დაიყოფიან და ტრენინგი ჩაუტარდებათ.
ტრენინგების ერთი ნაწილი შეეხება დებატების სპეციფიკას, მეორე კი ეკონომიკურ და საბანკო თემებს. ტრენინგის პირველი ნაწილი მსმენელებს დაეხმარება დებატებისთვის საჭირო უნარების გამომუშავებაში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მიღებული ცოდნის დახმარებით მოდებატეებს გაუადვილდებათ მსჯელობა აქტუალურ საბანკო და ეკონომიკურ თემებზე.
ტრენინგები გაიმართება შაბათ-კვირას „საზოგადოება და ბანკების“ ოფისში. ტრენინგების შემდეგ ჩატარდება დებატების ორდღიანი ტურნირი. ფინალურ ნაწილს სასტუმრო ჰოლიდეი ინნი უმასპინძლებს. მონაწილეები ორ კაციან ჯგუფებად დაიყოფიან და წინასწარ შერჩეული თემების მიხედვით იდებატებენ. გამარჯვებულებს სპეციალური შეფასების სქემის მიხედვით მსაჯები გამოავლენენ. ეკონომიკური დებატების ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. გამარჯვებული გუნდები და საუკეთესო სპიკერები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. დებატებში მონაწილეობა უფასოა. პროექტს საზოგადოება და ბანკები გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე - debate@sab.ge 2016 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით. დებატებში მონაწილეობა უფასოა.