საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2026 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 241,326 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 241 326 მსესხებელს  სესხზე ყოველთვიური შენატანი არ შეეცვლება.

241 326 გაფორმებული ხელშეკრულებიდან, რაოდენობრივად ყველაზე მეტი იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებია (80%). 19% მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხებია და დიდ ბიზნესზე ჯამური ხელშეკრულებების 1%-ია გაფორმებული.

ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 18.9 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. აქედან იპოთეკური სესხები 3.7 მლრდ. ლარს შეადგენს, ხოლო სამომხმარებლო სესხებზე 5.9 მლრდ. ლარია გაცემული.  მცირე და საშუალო ბიზნესზე ყველაზე დიდი მოცულობის სესხია გაცემული (6.1 მლრდ ლარი), მსხვილ ბიზნესზე კი 3.3 მლრდ. ლარი.

ლარში გაცემული და ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის საშუალო მოცულობა 56,992 ლარს, სამომხმარებლო სესხის 42,569 ლარს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გაცემული სესხის 135,180 ლარს და დიდ ბიზნესზე გაცემული სესხის 1,545,208 ლარს შეადგენს.

2024 წლის ოქტომბრის შემდეგ ინფლაცია იზრდებოდა და 2025 წლის მარტიდან აჭარბებს მიზნობრივ (3%) მაჩვენებელს. თუმცა, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ბოლო 2 წელია არ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ განაკვეთი არ უკვე 2 წელია 8%-ია, სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები მაინც გაიზარდა, რისი ძირითადი მიზეზიც, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და მომატებული რისკებია.

2026 წლის თებერვალში ინფლაციამ 4.6 პროცენტი შეადგინა. ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან უნდა დაახლოებოდა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა კონფლიქტმა ენერგომატარებლებზე და ტრანსპორტირებაზე ფასები გაზარდა. რაც ზრდის იმის რისკს, რომ ინფლაციური პროცესები გლობალურიდან საქართველოსაც გადმოეცემა. მოსალოდნელია, რომ მარტში ინფლაცია საწვავის ფასების გამო გაიზრდება. საგარეო შოკების ხანგრძლივად გაგრძელების პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცროს და გაზარდოს რეფინანსირების განაკვეთი.     

 

[1] შინამეურნეობები და იურიდიული პირები, ეროვნული ვალუტა