საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 176,121 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-ზე უცვლელი დატოვა. შესაბამისად, 176,121-მდე მსესხებელს არ შეეცვალა სესხზე ყოველთვიური შენატანი.
176,121 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 13.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.4 მლრდ. ლარის (55%), ხოლო იურიდიულ პირებზე 6 მლრდ. ლარის (45%).
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 7.1 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.9 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.3 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა ბიზნეს სესხებში ფიქსირდება (+23.2%, 1 ივლისი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და სამომხმარებლო სესხების მოცულობა კი 11.7%-ით და 22.8%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდიში. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 223,059 ლარს, იპოთეკურის 56,470 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 28,932 ლარს შეადგენს.
2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახ. 22 მლრდ. ლარით გაიზარდა 31 მლრდ. ლარამდე 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. საშუალო წლიურმა ზრდამ 15% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდას ჩამოუვარდება (+19%).
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს (13.4 მლრდ. ლარი) და ფიქსირებული სესხების მოცულობა 58%-ია (18 მლრდ. ლარი) 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით.
2024 წლის 1 ივლისის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.0% შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელზე (17.0%).
2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის ივნისის თვეში 2.2% შეადგინა. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.00%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისის თვიდან.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან. შედარებით გაზრდილია იმპორტირებულ პროდუქციაზე ინფლაციური მოლოდინი, კვლავ შენარჩუნებულია გლობალური გამოწვევები, შესაბამისად ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე მონეტარული პოლიტიკის შერბილებისგან თავი შეეკავებინა.