ადამიანი, უმეტესწილად, ფოკუსირდება იმაზე თუ რამდენი შეიძლება დაკარგოს, ვიდრე იმაზე თუ რამდენს შესძენს ეს დანაკარგი. ამ მოვლენას ტერმინიც მოეძებნება და მოიხსენიებენ, როგორც გავლენის სუბიექტურ შეფასებას (impact bias). ჩვენი ბუნების ეს თავისებურება სიღმრისეულად აითვისეს მარკეტოლოგებმა და მოარგეს ვიზუალური თუ ვერბალური შემოთავაზებების უმრავლესობას, რომელთაც ყოველდღიურად ვხვდებით. მაგალითად: პროდუქტის შეთავაზება, რომლის უკან დაბრუნება და თანხის სრული ანაზღაურებაა შესაძლებელი, გარკვეული დროის განმავლობაში. ჩვენ ვყიდულობთ ამ ნივთს და ვინაიდან, ნებისმიერ დროს შეგვიძლია მისი დაბრუნება, თავს მოგებულად ვგრძნობთ. მაგრამ, როგორც კი ამ ნივთის მფლობელები ვხვდებით, თუნდაც დროებით, ჩვენი მისდამი დამოკიდებულება იცვლება. ეს ნივთი ჩვენი ყოფის ნაწილი ხდება და მის დათმობას უკვე დანაკარგად ვთვლით და ვინაიდან, ტრანზაქციაც უკვე განხორციელებულია, მას ჩვენს მფლობელობაში ვიტოვებთ. ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო თავისებურება, ჩვენს არჩევანზე უდიდეს გავლენას ახდენს და მძლავრი იარაღი ხდება პოტენციური მანიპულატორის ხელში.

      რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს საპენსიო რეფორმასთან? დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა 40 წლამდე ყველა დასაქმებულისთვის და თვითდასაქმებულისთვის, ხოლო „თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.“  შესაბამისად, მე, როგორც 40 წლის დასაქმებულს, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, ვალდებულება მაქვს ჩვეულებრივ ვახორციელო საპენსიო შენატანები და უკვე მფლობელი ვხდები კონკრეტული საპენსიო პაკეტის. ამ დროის განმავლობაში, უკვე ვიწყებ ფიქრს „უზრუნველყოფილ“ სიბერეზე, რომელსაც რეფორმა მპირდება. წარმოვიდგენ, რამდენად დაცული იქნება ჩემი გვიანი ყოველდღიურობა სტრესისგან, მუდმივი შფოთვისგან ჯანმრთელობასთან და სრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული ფინანსური პრობლემების გამო. ამავე 3 თვის განმავლობაში, თავს გაცილებით დაცულად ვგრძნობ, რაკი მჯერა ჩემი ცხოვრების სტილი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება ამჟამინდელთან შედარებით და მივდივარ დასკვნამდე, რომ ყოველთვიური შემოსავლის 2% არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ხარჯი, რომ დავთმო უკვე ჩემს ხელთ არსებული მომავლის კომფორტი. კონკრეტული პროდუქტის ფლობის შემთხვევაში, ჩვენ გაცილებით მტკივნეულად აღვიქვამთ მის დაკარგვას და გადაჭარბებულად ვაფასებთ მის შესაძლებლობებს. ჩვენ, უბრალოდ, ვამართლებთ მის ქონას (choice-supportive bias) და მიდრეკილება გვიჩნდება გავეცნოთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ უფრო გაგვიღრმავებს არსებულ რწმენას (confirmation bias).

     ერთი შეხედვით, უწყინარი დეტალია, თუმცა საკმარისად ეფექტიანი, რომ გავლენა იქონიოს სამიზნე ჯგუფის გადაწყვეტილებაზე და განსაზღვროს მათი არჩევანის მიმართულება.

     40 წელს ზემოთ დასაქმებულთა კიდევ ერთი ნაწილი, დიდი ალბათობით, კვლავ დარჩება სქემაში, რადგან მათი ინფორმირება სავალდებულო გაწევრიანებასთან და სურვილის შემთხვევაში სქემიდან შემდგომ გასვლასთან დაკავშირებით სათანადოდ არ მომხდარა, თუმცა ეს უკვე სულ სხვა თემაა.

   საბოლოოდ, არის თუ არა ნამდვილად ნებაყოფლობითი საპენსიო სქემაში გაცხადებული ნებაყოფლობითი მონაწილეობა, რამდენიმე თვის შემდეგ გაირკვევა, როცა  სქემაში მონაწილეობის ნების არმქონე ადამიანებს, მისი დატოვების საშუალება მიეცემათ. მანამდე კი, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ადამიანთა უმრავლესობას გონების სათანადოდ გაციება და homo economicus-ად ქცევა შეუძლიათ.